ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში, რომელსაც მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აქვს და ტურისტული ობიექტების სიმრავლით გამოირჩევა, საინფორმაციო დაფები და გზის მანიშნებლები დამონტაჟდა.
საინფორმაციო დაფები და გზის მანიშნებლები ორენოვანია, დაფაზე განთავსებულია ხანის საქუხარას ჩანჩქერის და მრავალსაუკუნოვანი ქვის საწნახელის მდებარეობა, გზის სირთულე და მანძილი.
საინფორმაციო ნიშნულებთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებულ 25 საოჯახო ღვინის მარანს პროექტ „ღვინის გზა“-ს ფარგლებში ბანერები დაუმზადდათ.
ტურისტული ინფრასტრუქტურა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ტურისტული პროდუქტებისა და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს მხარდაჭერით და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის განყოფილების ინიციატივით განთავსდა.