პროექტი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1 მარტს დაიწყო და ამ დროისთვის 20 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. მათგან 1000-მდე ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააგენტოებშია გაფორმებული.
იმერეთის რეგიონში ეროვნულ სატყეო სააგენტოში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში და დაცული ტერიტორიების სააგენტოში დასაქმებულ სოციალურად დაუცველ პირებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე შეხვდნენ და დასაქმებულთა სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად. საზოგადოებრივი სამუშაო, ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. პროგრამის ბენეფიციარს ოთხი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი, გარანტირებულად შეუნარჩუნდება.
აღნიშნულ შეხვედრებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სილაგაძე, მერის მოადგილე მერაბ ზირაქაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ კიკნაველოძე და მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე ესწრებოდნენ.