ბაღდათის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთში მდინარე ხანისწყლის ხეობაში, მისი ფართობი 815 კვ. კმ. ხოლო ზღვის დონიდან მისი საშუალო მდებარეობა 200 მეტრია.
მუნიციპალიტეტის ცენტრი ქალაქი ბაღდათი ქუთაისთან 25 კილომეტრითაა დაცილებული. მისი ჰავა ზღვის ნოტიო საშუალო სუბტროპიკულს წარმოასგენს, შედარებით ნაკლებ თოოვლიანი ზამთრითა და ზომიერად ცხელი ზაფხულით.
მეურნეობის ძირითადი დარგი მევენახეობაა, განსაკუთრებით პოპულარულია თეთრი ჯიშები: ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, კუნძა. ასევე ხდება შავი ყურძნის ჯიშებისაგან წითელი ღვინის წარმოებაც. გავრცელებულია ჯვარისა, საფერავი, ძველშავი, ზეიმბერი, ალექსანდროული და სხვა. ასევე მოჰყავთ მარცვლეული კულტურები, ძირითადად სიმინდი.
სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მეცხოველეობასა და მეფრინველეობას,
არსებული მონაცემებით, ისტორიულ წყაროებში სახელწოდება ბაღდათი პირველად მე-18 საუკუნის დასაწყისში იხსენიება, მისი ცენტრი მდებარეობდა იქ, სადაც ეხლა საეფისკოფოსო რეზიდენციაა. სწორედ აქ იყო თურქების მიერ აგებული ბაღდათის ციხე. ადრე ამ ადგილს თხმელის ციხე რქმევია.
სახელწოდება ბაღდათი ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ძველი სპარსული ენიდან მომდინარეობს. მისი სწორი ფორმა ბაღდადია. ამ ვერსიის თანახმად იგი ღმერთისაგან ნაბოძებს ნიშნავს. რაც შეეხება ქალის თავსაბურავს ბაღდადს, ისიც მშვენიერის, ლამაზის ეპითეტს წარმოადგენდა და სწორედ ამიტომ დაურქმევიათ ამ ადგილისათვის ეს სახელი თურქებს. არსებობს სხვა მოსაზრებებიც ტოპონიმის წარმომავლობასთან დაკავშირებით.
ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისტორიულად ყველაზე ძველი ადგილი სოფელი დიმია, სადაც საქართველოს პირველ გამაერთიანებელ მეფეს ფარნავაზს აუგია და დაუარსებია სამეთვალყურეო საფორთიფიკაციო ნაგებობა და მისთვის დიმნა დაურქმევიათ. ტოპონომი დიმიც სწორედ დიმნადანაა წარმოშობილი.
1940 წლის 14 აპრილს, როდესაც ბაღდათში ვლადიმერ მაიაკოვსკის გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე დაარსებული იქნა მისი სახლ-მუზეუმი, ბაღდათს, როგორც ადმინისტრაციულ ერთეულს შეეცვალა სახელწოდება და მიანიჭეს მაიაკოვსკის სახელი, რომელსაც იგი ატარებდა 90 იანი წლების ბოლომდე. შემდგომ მას კვლავ დაუბრუნეს თავისი ძველი სახელი.
ბაღდათში ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნებაა დაბადებული, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: რუსული ავანგარდიზმის ფუძემდებელი, ცნობილი მხატვარი, მსახიობი, სცენარისტი და დრამატურგი ვლადიმერ მაიაკოვსკი, კომპოზიტორი რეზო ლაღიძე, აკადემიკოსი ალბერტ თავხელიძე, მედიცინის ცნობილი პროფესორი ნიკოლოზ კახიანი. რეჟისორი რეზო ჩხეიძე, ფსიქიატრიის პროფესორი და მუსიკოსი ზურაბ ჩიქოვანი, დირიჟორი ჯანსუღ კახიძე, მწერალი და კრიტიკოსი ჯანსუღ ღვინჯილია, პოეტი ზაალ ებანოიძე, აკადემიკოსი მეტალურგიის დარგში გურამ ქაშაკაშვილი და სხვა.