ბაღდათში პირველი ერთკლასიანი სასწავლებელი 1877 წელს გაიხსნა. სწავლებას ერთი მასწავლებელი უძღვებოდა. მომდევნო წელს უკვე ორკლასიანმა სასწავლებელმა ხუთწლიანი სწავლების პროგრამით გააგრძელა ფუნქციონირება. 1921 წელიდან სასწავლებელი იწოდებოდა როგორც შრომის სკოლა, ხოლო 1933 წლიდან საშუალო სკოლის სტატუსით გააგრძელა მუშაობა, ამჟამად ქ. ბაღდათის #1 საჯარო სკოლა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში 21 საჯარო სკოლაა, მათგან 4 საბაზო საფეხურზე ახორციელებს სწავლებას, 17 საჯარო სკოლა საშუალო საფეხურზე. მუნიციპალიტეტში ფუნციონირებს პროფესიული კოლეჯი ,,იბერიას“ ფილიალი.
ბაღდათის საჯარო სკოლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საგანმანათლებლო სისტემას ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო-საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი. იგი მის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მიზანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობაა.
ბოლო წლებში არსებითი ცვლილება განიცადა საქართველოს სახელმწიფოს პროფესიული განათლების პოლიტიკამ. შეიქმნა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლება შრომის ბაზარზე ორიენტირებული, ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების შესატყვისი სისტემა გახდა. მისი მიზანია დააკმაყოფილოს სწრაფად და მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნები. პროფესიული სწავლება ხორციელდება როგორც ფორმალური, ისე არაფორმარული განათლების მიღების გზით.