ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასა და „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“-ს, ასევე „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება, ახალგაზრდულ საკითხებზე თანამშრომლობის გაზრდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება და დანერგვა.
შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები და ახალგაზრდული საბჭოს წევრები დაესწრნენ.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარედგინა ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების მიმართულებით მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეების მიერ დაგეგმილი აქტივობები. ასევე, ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარემ წარმოადგინა საბჭოს საქმიანობის სამომავლო ხედვები და მიღწერული შედეგები.
პრეზენტაციის შემდეგ ჰაბის ინიცირებით გაიმართა დისკუსია, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რაც მემორანდუმზე ხელმომწერ მხარეებს მნიშვნელოვნად დაეხმარება შექმნას მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერების მიმართულებით არსებული საჭიროებებზე მორგებული სამოქმედო გეგმა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს(LDA Georgia) მიერ, ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშრისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP)