ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფებოდა.
ვიზიტი პორტუგალიაში, ასოციაცია “ანიკამ“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში გამართა.
ვიზიტის მიზანი, პორტუგალიის სხვადასხვა სოციალური მომსახურებების დეტალური შესწავლა და მათ განხორციელებაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობისა და კომპეტენციების განაწილების გაცნობა გახლდათ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პორტუგალიის დედაქალაქის, ლისაბონის, სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და პორტუგალიის მუნიციპალიტეტების ორგანოებსა და წარმომადგენლებს ეწვია.
ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების – ბაღდათის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ქედის, ყვარელის მერებმა და ჩოხატაურისა და შუახევის მერის მოადგილეებმა, მომსახურების მიმწოდებელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ბაღდათის მერმა, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად ინფორმაცია მიიღო სოციალური სერვისების ევროპული სტანდარტების შესახებ, დეტალურად გაეცნო პორტუგალიაში არსებულ მომსახურებებსა და სერვისის მიწოდებაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას.