სკოპინგის დასკვნა N13
საქმიანობის დასახელება: კურორტ საირმის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის
მშენებლობა-ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანია“ (ს/კ 412670097);
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, კურორტი
საირმე;
განაცხადის შემოსვლის თარიღი: 30.11.2023;
მონაცემები სკოპინგის ანგარიშის შემდგენლის შესახებ: შპს „პოლიტიკის და მართვის
კონსალტინგ ჯგუფი“
ძირითადი საპროექტო მონაცემები:
სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიამ“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში,
კურორტ საირმის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და
ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიში.
დაგეგმილი საქმიანობა ითვალისწინებს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში
მდ. წაბლარასწყლის მარცხენა სანაპიროზე ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-
ექსპლუატაციას, რომელიც მოემსახურება კურორტ საირმეს. ნაგებობისთვის გამოყოფილი
ტერიტორიის ფართობი იქნება 1540 მ2. საპროექტო ტერიტორია ხვდება 3 არასასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდები: 30.18.31.096; 30.18.31.097;
30.18.31.595). საპროექტო ტერიტორიიდან უახლოესი ნაგებობა (სასტუმრო „ვანდერ საირმე“)
დაშორებულია 50 მ-ით. ტერიტორიას დასავლეთის მხრიდან ემიჯნება
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის „ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას“
საავტომობილო გზა, აღმოსავლეთის მხრიდან მდ. წაბლარასწყალი.
წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულია
უფუნქციო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, აღნიშნული ნაგებობის ტერიტორიასთან
დაკავშირებულია კურორტ საირმის საკანალიზაციო ქსელი. პროექტის ფარგლებში
დაგეგმილია არსებული გამწმენდი ნაგებობის დემონტაჟი და მის ნაცვლად, ახალი
ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, ახალი
საკანალიზაციო ქსელის მოწყობა დაგეგმილი არ არის.
სკოპინგის ანგარიშში განხილულია დაგეგმილი საქმიანობის ალტერნატივები, მათ შორის
განხილულია ინფორმაცია უმოქმედობის (ნულოვანი), გამწმენდი ნაგებობის განთავსების
ადგილმდებარეობისა და ტექნოლოგიური პროცესის ალტერნატივების შესახებ. ჩამდინარე
წყლების გაწმენდის ტექნოლოგიური ალტერნატივებიდან უპირატესობა მიენიჭა ჩამდინარე
წყლების გაწმენდას „MBBR“ ტექნოლოგიის (მოძრავი ბიო-რეაქტორი) გამოყენებით.
აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების გაწმენდას პირველად და
მეორად სალექარებში, აერობული და ანაერობული პროცესების გამოყენებით. გამწმენდი
ნაგებობის ადგილმდებარეობის შერჩევა მოხდა გარემოსდაცვითი და ტექნიკური პირობების
გათვალისწინებით.
სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, გამწმენდი ნაგებობის საპროექტო ჰიდრავლიკური
დატვირთვები განსაზღვრულია გამწმენდ ნაგებობასთან დაკავშირებულ ობიექტებისა და
მომხმარებელთა საპროგნოზო რაოდენობის (1345 ადამიანი) მიხედვით.
საპროექტო ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის შემადგენლობაში შედის: მექანიკური და
ხელით მართვადი სხვადასხვა ზომის ცხაურები, ქვიშისა და ცხიმის დამჭერი, შემავალი
დინების გამზომი, ბიოლოგიური გაწმენდის ერთეულები – „MBBR“, დიფუზორის ბადეები,
საბერველი სადგური, საბოლოო სალექარი ავზი, დაბრუნებული/ჭარბი გააქტიურებული
ლამისა და ნარჩენების სატუმბი სადგური, ჩაშვებული წყლის გამზომი, სინჯის კაბინეტი,
ლამის წინასწარი გამასქელებელი, სუპერნანტი/ლამის ხსნარის ავზი, ლამის მექანიკური
გაუწყლოებისა და დამუშავების დანადგარი, სუნის მაკონტროლებელი ბიო-ფილტრები.
გამწმენდი ნაგებობიდან გამომავალი გაწმენდილი წყლების ჩაშვება მოხდება მდ.
წაბლარასწყალში.
წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბიოლოგიური გამწმენდის მუშაობის სპეციფიკიდან
გამომდინარე, გაწმენდის პროცესს თან ახლავს ლამის წარმოქმნა. ნაგებობის ექსპლუატაციის
ეტაპზე წარმოსაქმნელი ლამის ჯამური მოცულობა იქნება დაახლოებით 30-50 ტ/წელ. ლამის
გატანა შემდგომი დამუშავების მიზნით, მოხდება საპროექტო ბაღდათის გამწმენდი ნაგებობის
ტერიტორიაზე 2,5-3 წელიწადში ერთხელ.
სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები შესრულდება 1-1,5 წლის
განმავლობაში. საპროექტო ნაკვეთის ფარგლებში მოეწყობა საოფისე ტიპის კონტეინერი,
მცირე ზომის სათავსო (მათ შორის სახიფათო ნარჩენების დროებითი დასაწყობებისთვის),
მექანიკური დამუშავების უბანი, მოედანი სატრანსპორტო საშუალებების და ტექნიკის
განთავსებისთვის, წყლის რეზერვუარი, ასევე გამოიყოფა ცალკე უბანი გამწმენდი ნაგებობის
ტერიტორიაზე მოხსნილი ნაყოფიერი ფენის დროებითი დასაწყობებისთვის. მშენებლობის
ეტაპზე სამშენებლო მასალების მწარმოებელი ობიექტების (სამსხვრევ- დამხარისხებელი
საამქრო, ბეტონის კვანძი) მოწყობა არ იგეგმება.
სკოპინგის ანგარიშის თანახმად, მშენებლობის ეტაპზე მოსალოდნელია სახიფათო და
არასახიფათო ნარჩენების წარმოქმნა. საქმიანობის განხორციელების პროცესში მოხდება
ნარჩენების სეპარირებულად შეგროვება სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით.
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელება დაკავშირებული იქნება ვიზუალურ– ლანდშაფტურ
ზემოქმედებასთან, რომელიც მოსალოდნელი იქნება მშენებლობისა და ექსპლუატაციის
ეტაპებზე. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ვიზუალურ–ლანდშაფტურ
ზემოქმედებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება გზშ-ის
ანგარიშში.
სკოპინგის ანგარიშის თანახმად, საპროექტო არეალში კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლები არ არის აღრიცხული.
სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ეტაპზე
კუმულაციური ზემოქმედებები მოსალოდნელია: ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების
(არაორგანული მტვერი, წვის პროდუქტები) გაფრქვევით, ხმაურისა და ვიბრაციის
გავრცელებით, გარემოს (ნიადაგი, წყლის გარემო) ნარჩენებით დაბინძურების რისკებით,
ვიზუალურ-ლანდშაფტური ცვლილებით, სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედებით და ა.შ.
აღნიშნული ზემოქმედებები დეტალურად იქნება შესწავლილი გზშ-ის ეტაპზე.
სკოპინგის ანგარიშის თანახმად, საკვლევ არეალში გვხვდება ძუძუმწოვრების 25,
ქვეწარმავლების 10 და ფრინველების 21 სახეობა. მდ. წაბლარასწყალზე, დაბა საირმის
მიმდებარედ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა 2 სახეობის თევზი: კოლხური
წვერა (Barbus rionicus) და სამხრეთული ფრიტა (Alburnoides fasciatus). მშენებლობის ეტაპზე
ცხოველთა სახეობებსა და იქთიოფაუნაზე ზემოქმედება ძირითადად დაკავშირებული იქნება
ხმაურსა და ვიბრაციასთან. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მიზანშეწონილია, რომ
სამშენებლო სამუშაოები არ დაემთხვეს ოქტომბერ-ნოემბერს, საპროექტო ტერიტორიის
მიმდებარედ გავრცელებული კალმახის ქვირითობის პერიოდს.
სკოპინგის ანგარიშში განსაზღვრულია, დაგეგმილი საქმიანობის შედეგად გარემოზე
მოსალოდნელი ზემოქმედების ძირითადი სახეები, ასევე მოცემულია ზოგადი ინფორმაცია იმ
ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება უარყოფითი
ზემოქმედებების თავიდან აცილებისათვის, შემცირებისათვის ან/და შერბილებისათვის.
სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, მშენებლობის ეტაპზე ხმაურისა და ვიბრაციის გავრცელება
დაკავშირებული იქნება სამშენებლო სამუშაოებში გამოსაყენებელი ტექნიკისა და
სატრანსპორტო საშუალებების მუშაობასთან. რაც შეეხება ექსპლუატაციის ეტაპს, გამწმენდი
ნაგებობის ძირითადი ხმაურის წარმომქმნელი კომპონენტები განთავსებული იქნება
დახურულ შენობაში, რაც შეამცირებს ხმაურის გავრცელებას.
სკოპინგის ანგარიშის თანახმად, საპროექტო არეალი საინჟინრო-გეოლოგიური
თვალსაზრისით, მდგრადია და ხელსაყრელია სამშენებლო სამუშაოების
განსახორციელებლად.
ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და
განათლების ცენტრმა უზრუნველყო წარმოდგენილი სკოპინგის ანგარიშისა და საჯარო
განხილვის შესახებ ინფორმაციის, როგორც გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე, ასევე
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო დაფაზე განთავსება. სკოპინგის
ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია განთავსდა ინფორმაციის გავრცელების
დამკვიდრებულ ადგილებში, ასევე სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების
ცენტრის ვებგვერდზე და ფეისბუქ გვერდზე. ამასთან, ინფორმაცია გაეგზავნა ცენტრის
გამომწერებს ელ. ფოსტის მეშვეობით. საჯარო განხილვების ჩატარების შესახებ ინფორმაცია,
ასევე გამოქვეყნდა გაზეთში. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა
გაიმართა 2023 წლის 25 დეკემბერს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. საჯარო
განხილვას ესწრებოდნენ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, სსიპ გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიის, შპს „პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის“, ბაღდათის
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. საჯარო განხილვაზე
დაინტერესებული საზოგადოების მიერ დაფიქსირებული შენიშვნები/მოსაზრებები
ძირითადად ეხებოდა ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასა და არასასიამოვნო სუნის
გავრცელების საკითხებს, სააგენტოში შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის ვადებს,
ასევე საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. განხილვაზე დასმულ
საკითხებზე, შესაბამისი განმარტებები გააკეთეს შპს „პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ
ჯგუფის“, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სსიპ გარემოს
ეროვნული სააგენტოსა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის
წარმომადგენლებმა. საჯარო განხილვაზე გამოთქმული შენიშვნები/მოსაზრებები და
შესაბამისი პასუხები/განმარტებები ასახულია საჯარო განხილვის ოქმში.
სკოპინგის პროცედურის შედეგად სააგენტოს მიერ, იდენტიფიცირდა გარემოსა და ადამიანის
ჯანმრთელობაზე მოსალოდნელი ძირითადი ზემოქმედების წყაროები, სახეები და
ობიექტები. განისაზღვრა და დადგინდა დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის
მომზადებისათვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის
ჩამონათვალი, ასევე გზშ-ის პროცესში დეტალურად შესასწავლი ზემოქმედებების საკითხები.
გზშ-ის ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი
ინფორმაციის ჩამონათვალი:
1. გზშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-10
მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ინფორმაციას;
2. გზშ-ის ანგარიშს უნდა დაერთოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-10
მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტაცია;
2.1. გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს სკოპინგის ანგარიშში მითითებული
(განსაზღვრული, ჩასატარებელი) კვლევების შედეგები, მოპოვებული და შესწავლილი
ინფორმაცია, გზშ-ის პროცესში დეტალურად შესწავლილი ზემოქმედებები და
შესაბამისი შემცირების/შერბილების ღონისძიებები;
3. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გზშის
ანგარიში ხელმოწერილი უნდა იყოს იმ პირის/პირების მიერ, რომელიც/რომლებიც
მონაწილეობდა/მონაწილეობდნენ მის მომზადებაში, მათ შორის, კონსულტანტის
მიერ.
4. გზშ-ის ანგარიშში, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს:
● დაგეგმილი საქმიანობის საჭიროების დასაბუთება (გარემოზე მოსალოდნელი
ზემოქმედებით გამოწვეული დანაკარგისა და მიღებული სარგებლის
ურთიერთშეწონის საფუძველზე);
● საქმიანობის განხორციელების ადგილის აღწერა-დახასიათება, საპროექტო
ტერიტორიის საკადასტრო კოდ(ებ)ის, shp ფაილებისა და GPS კოორდინატების
მითითებით;
● გამწმენდი ნაგებობის გენ-გეგმა, შესაბამისი ექსპლიკაციით;
● საპროექტო ტერიტორიიდან დაზუსტებული მანძილი (ობიექტების მდებარეობის
მითითებით) უახლოეს საცხოვრებელ სახლ(ებ)ამდე, სასტუმრომდე და სხვა შესაძლო
ზემოქმედებას დაქვემდებარებულ ობიექტ(ებ)ამდე, ასევე უახლოეს ზედაპირული
წყლის ობიექტ(ებ)ამდე;
● ინფორმაცია ალტერნატიული ვარიანტების შესახებ, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს
საპროექტო ინფრასტრუქტურის განთავსების ალტერნატიული ვარიანტები, ასევე
უმოქმედობის ალტერნატივა, ტექნოლოგიური ალტერნატივები და გარემოსდაცვითი
თვალსაზრისით შერჩეული ალტერნატივები, შესაბამისი დასაბუთებით;
● დაგეგმილი საქმიანობის დეტალური აღწერა;
● საკანალიზაციო წყლების შეკრების (მათ შორის, წარმოდგენილი უნდა იქნეს
ინფორმაცია იმ დასახლებების შესახებ, რომელთა ჩამდინარე წყლების ჩაშვება
მოხდება გამწმენდ ნაგებობაში), გამწმენდ ნაგებობამდე მიწოდებისა და ჩამდინარე
წყლების გაწმენდის ტექნოლოგიური სქემის შესახებ დეტალური ინფორმაცია,
შესაბამისი თანმიმდევრობით, მათ შორის: შერჩეული ტექნოლოგიის დეტალური
აღწერა; შერჩეული მეთოდის ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია; ჩამდინარე
წყლებისგან დამაბინძურებელი ნივთიერებების მოცილების პროცესის აღწერა;
● გამწმენდი ნაგებობის სიმძლავრისა და წარმადობის შესახებ
(მოსახლეობის/ვიზიტორების ზრდისა და შესაბამისად ჩამდინარე წყლების
რაოდენობის ზრდის დინამიკის მაჩვენებლების მითითებით) დეტალური
ინფორმაცია. მათ შორის, პროექტირებისას გამოყენებული ტექნიკური პარამეტრები –
ერთ სულზე წყალმოხმარების/წარმოქმნილი ჩამდინარე წყლის რაოდენობა,
გამწმენდის გამტარუნარიანობა და სეზონური ეფექტურობის მაჩვენებლები,
შესაბამისი დასაბუთებით;
● გამწმენდ ნაგებობაში მოხვედრილი დაბინძურებული წყლის სავარაუდო
შემადგენლობა – გაწმენდამდე და გაწმენდის შემდეგ (ჩამდინარე წყლის ჩაშვების
პარამეტრები, ჩამდინარე წყლების მოსალოდნელი დაბინძურების დატვირთვები)
შესაბამისი დასაშვები ნორმების მითითებით. ასევე, გაწმენდამდე და გაწმენდის
შემდეგ ჩამდინარე წყლების მონიტორინგის (სინჯის აღების წერტილები, მეთოდები,
პერიოდულობა) საკითხები;
● ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვების წერტილის
დაზუსტებული GPS კოორდინატები;
● ექსპლუატაციის ეტაპზე წარმოქმნილი ლამის რაოდენობისა და შემდგომი მართვის
ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია, საბოლოო მართვის ღონისძიებების
მითითებით. მათ შორის:
○ წარმოქმნილი ლამის კლასიფიკაციისა და ლაბორატორიული კვლევის
ჩატარების შესახებ ინფორმაცია;
○ გამწმენდი სისტემიდან ლამის განტვირთვის სიხშირის შესახებ ინფორმაცია,
გამწმენდი ნაგებობიდან ლამის განტვირთვის მეთოდის მითითებით;
○ დაზუსტებული ინფორმაცია საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ლამის
მართვის შესახებ. გაუწყლოების ადგილი და პირობები, საბოლოო
დასაწყობების ადგილები და პირობები;
○ ლამის სასუქად გამოყენების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს:
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ტიპის ლამის სასუქად გამოყენების
საერთაშორისო პრაქტიკისა და შედეგების შესახებ (საინფ. წყაროს მითითებით);
ინფორმაცია ლამის სასუქად გამოყენების პირობების, სტანდარტების შესახებ
და სხვ.
● გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციის ეტაპზე წარმოქმნილი სუნის გავრცელებასთან
გამოწვეული ზემოქმედების შეფასება (სუნის წარმომქმნელი წყაროების მითითებით),
შემარბილებელი ღონისძიებების მითითებით და შესაბამისი დასაბუთებით;
● ინფორმაცია საპროექტო ტერიტორიაზე გაბატონებული ქარების მიმართულების
შესახებ;
● მოწყობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე წყალმომარაგება/წყალარინების, შესახებ
ინფორმაცია;
● დეტალური ინფორმაცია მშენებლობა-ექსპლუატაციის ეტაპზე წარმოქმნილი
ჩამდინარე წყლების, ასევე სანიაღვრე წყლებისა და მათი მართვის შესახებ (მათ შორის,
საკანალიზაციო წყლებში სანიაღვრე წყლების შერევისა და შესაბამისად სანიაღვრე
წყლების გამწმენდ სისტემაში მოხვედრის შესახებ ინფორმაცია);
● გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს გამწმენდი ნაგებობის განთავსების
ტერიტორიის საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
● საპროექტო ინფრასტრუქტურით სხვადასხვა მიწისქვეშა/მიწისზედა საკომუნიკაციო
ქსელების გადაკვეთის შემთხვევაში, წარმოდგნეილი უნდა იყოს მესაკუთრეებთან
შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
● ინფორმაცია საპროექტო ტერიტორიაზე მისასვლელი გზების შესახებ;
● საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობამდე
აღდგენის შესახებ ინფორმაცია;
● დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, მათ შორის დასაქმებულთა შორის
ადგილობრივი მოსახლეობის წილი, ასევე პერსონალის პროფესიული და ტექნიკური
სწავლების შესახებ ინფორმაცია;
● ინფორმაცია გზშ-ის ფარგლებში ჩატარებული საბაზისო/საძიებო კვლევებისა და გზშ-
ის ანგარიშის მომზადებისთვის გამოყენებული მეთოდების შესახებ;
4.1 პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ:
● სამშენებლო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია, შესაბამისი ვადების
მითითებით. ამასთან, მოცემული უნდა იყოს სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკი,
ასევე არსებული გამწმენდი ნაგებობის დემონტაჟის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია;
● ინფორმაცია მშენებლობაში გამოსაყენებელი ტექნიკისა და დანადგარების შესახებ;
● ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის სამუშაოებისა და სარეკულტივაციო სამუშაოების
შესახებ დეტალური ინფორმაცია („ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა
და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით)
ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოცულობისა და მისი განთავსების პირობებისა და
ადგილმდებარეობების (GPS კოორდინატები, Shp ფაილები) მითითებით;
● ინფორმაცია მშენებლობის პროცესში წარმოსაქმნელი ფუჭი ქანების რაოდენობისა და
მართვის შესახებ, ფუჭი ქანების განთავსების ადგილების/სანაყაროების (GPS
კოორდინატები, Shp ფაილებთან ერთად) მითითებით;
● დეტალური ინფორმაცია სამშენებლო ბანაკის/მოედნის შესახებ (GPS კოორდინატების
მითითებით, shp ფაილებთან ერთად);
● მშენებლობისთვის საჭირო სამშენებლო მასალების მოპოვების შესახებ ინფორმაცია;
4.2 საპროექტო ტერიტორიაზე ჩატარებული გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევის
ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს:
გარემოს ფონური მდგომარეობის აღწერა:
● რელიეფი (გეომორფოლოგია);
● გეოლოგიური აგებულება;
● სეისმური პირობები;
● ჰიდროგეოლოგიური პირობები;
● საინჟინრო-გეოლოგიური პირობები;
გეოლოგიურ გარემოზე ზემოქმედება:
● ზემოქმედება გრუნტის წყლებზე;
● საშიში გეოლოგიური პროცესების შესაძლო გააქტიურების განსაზღვრა საპროექტო
ობიექტის მშენებლობა-ექსპლუატაციის პერიოდში, პრევენციული ღონისძიებების
მითითებით.
4.3 ბიოლოგიური გარემოს შეფასების ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს:
● სრულფასოვან კვლევებზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაცია უშუალოდ
პროექტის გავლენის ზონაში არსებულ მცენარეებზე, ცხოველებზე, მათ შორის
ორნითოფაუნაზე, იქთიოფაუნაზე, (განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს
საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ
სახეობებზე და ჰაბიტატებზე), მათზე შესაძლო ზემოქმედებაზე, ამ ზემოქმედების
თავიდან აცილებასა და საჭიროების შემთხვევაში საკომპენსაციო ღონისძიებებზე.
ამასთან, წარმოდგენილ იქნეს ზემოაღნიშნული კვლევის შედეგები ფოტომასალასთან
ერთად;
● ზემოაღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით უნდა განისაზღვროს მოსალოდნელი
ზემოქმედების სახეები და მასშტაბი, რომლის მიხედვით შემუშავდება
ბიომრავალფეროვნების შემარბილებელი ღონისძიებები და მონიტორინგის გეგმა,
სადაც სამონიტორინგო დაკვირვებები მოცემული იქნება ბიომრავალფეროვნების
ცალკეული კომპონენტისთვის. გეგმაში, ასევე უნდა აისახოს შემარბილებელი
ღონისძიებების ეფექტურობაზე დაკვირვების, მონიტორინგის ჩატარების სიხშირისა
და ვადის/ხანგრძლივობის, ასევე სააგენტოსთან ანგარიშგების საკითხები;
● გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილ უნდა იყოს ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის
ფარგლებში ჭრას დაქვემდებარებული მცენარეების სახეობრივი შემადგენლობისა და
მახასიათებლების შესახებ;
● გზშ-ის ანგარიშში დაზუსტებული უნდა იყოს გამწმენდი ნაგებობის განთავსების
ალტერნატივების შედარებითი ანალიზი, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედებიდან
გამომდინარე. ამ კუთხით დეტალურად უნდა იქნეს განხილული განთავსების
შერჩეული ალტერნატიული ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
● გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია მდინარიდან წყლის აღების
შემთხვევაში, იქთიოფაუნასა და წყალზე დამოკიდებულ სახეობებზე მოსალოდნელი
ზემოქმედებების შესახებ, შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრით
(საჭიროების შემთხვევაში);
● ყურადღება უნდა გამახვილდეს სამშენებლო სამუშაოების ჩატარების დროს წყლის
ამღვრევის, ვიბრაციისა და ხმაურის გავრცელებასთან დაკავშირებით, რაც
უარყოფითად აისახება მდინარის იქთიოფაუნის ცხოველმყოფელობაზე, ასევე
გასათვალისწინებელია, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ დაემთხვეს
ოქტომბერ-ნოემბრის თვეებს (ნაკადულის კალმახის ქვირითობის პერიოდს). ასევე,
ექსპლუატაციის ეტაპზე მოსალოდნელია ნეგატიური ზეგავლენა, რაც ძირითადად
დაკავშირებული იქნება ნარჩენების (მათ შორის ლამის) მართვასთან. გზშ-ის ანგარიშში
წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია მშენებლობის დროს აღნიშნული საკითხების
გათვალისწინების შესახებ;
5. გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება გარემოს თითოეული
კომპონენტისათვის და პროექტის განხორციელების შედეგად მოსალოდნელი
ზემოქმედებების შეჯამება, მათ შორის:
● ზემოქმედება ატმოსფერულ ჰაერზე, როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის
ეტაპზე, მათ შორის: მოცემული უნდა იყოს მოსალოდნელი ემისიები, გაფრქვევის
წყაროები, გაფრქვეული მავნე ნივთიერებები, გაბნევის ანგარიში და სხვა.
ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედების პრევენციული და შემარბილებელი
ღონისძიებები. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გეგმა;
● ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები
გაფრქვევის (ზდგ) ნორმების პროექტი;
● ხმაურის გავრცელებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება
ობიექტის მოწყობა-ექსპლუატაციის ეტაპებზე, შემარბილებელი ღონისძიებების
მითითებით;
● წარმოდგენილი უნდა დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში „წყალდაცვითი ზოლის
შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის
№440 დადგენილებასთან თავსებადობის შესახებ ინფორმაცია;
● მოწყობა-ექსპლუატაციის ეტაპებზე მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება
ზედაპირული წყლის ობიექტზე და მოსალოდნელი ზემოქმედების შემარბილებელი
ღონისძიებები.
● გზშ-ის ანგარიშს უნდა დაერთოს ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე
წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები
ჩაშვების (ზდჩ) ნორმების პროექტი;
● მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება
ნიადაგის ნაყოფიერ ფენაზე და გრუნტის ხარისხზე, შესაბამისი შემარბილებელი
ღონისძიებების მითითებით;
● ნარჩენების წარმოქმნითა და გავრცელებით მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება,
ნარჩენების მართვის საკითხების, შემარბილებელი და პრევენციული ღონისძიებების
მითითებით, ასევე ინფორმაცია მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე
წარმოსაქმნელი ნარჩენების (კოდები, დასახელებები, რაოდენობა და შემდგომი
მართვის ღონისძიებები) შესახებ;
● კუმულაციური ზემოქმედების შეფასება, გარემოს სხვადასხვა კომპონენტებზე (მათ
შორის წყლის გარემოზე), მიმდებარედ არსებული და საპროექტო ობიექტების
გათვალისწინებით, შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების მითითებით;
● ლანდშაფტის ვიზუალური ცვლილებით მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება და
შემარბილებელი ღონისძიებები;
● ზემოქმედების შეფასება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის და
არქეოლოგიურ ძეგლებზე;
● ზემოქმედების შეფასება სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე, მიწის საკუთრებასა და
გამოყენებაზე (წარმოდგენილი უნდა იყოს საპროექტო არეალში ზემოქმედებას
დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთებისა და მათი მესაკუთრეების
ინფორმირების/შეთანხმების შესახებ ინფორმაცია), ბუნებრივი რესურსების
შეზღუდვაზე. ამასთან, განისაზღვროს ადამიანის ჯანმრთელობასა და
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები და შესაბამისი შემარბილებელი
ღონისძიებები;
● სატრანსპორტო გადაზიდვებით/სამშენებლო ტრანსპორტის გადაადგილებით
გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების (მარშრუტებისა და სატრანსპორტო
ოპერაციების რაოდენობის მითითებით) შეფასება, ასევე სატრანსპორტო ნაკადებზე
მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება, შემარბილებელი ღონისძიებების
მითითებით. ზემოაღნიშნული ფაქტორებით მოსალოდნელი ზემოქმედების
შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს საკვლევ რეგიონში არსებული და
დაგეგმილი საქმიანობები;
● გამწმენდი ნაგებობის მოწყობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე განსახორციელებელი
შემარბილებელი ღონისძიებების შემაჯამებელი გეგმა;
● გამწმენდი ნაგებობის მოწყობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე განსახორციელებელი
გარემოსდაცვითი მონიტორინგის შემაჯამებელი გეგმა (საკონტროლო წერტილების,
მონიტორინგის სიხშირის, მეთოდის და ა.შ. მითითებით);
● გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების აღწერა, რომელიც განპირობებულია
ავარიისა და კატასტროფის რისკის მიმართ საქმიანობის მოწყვლადობით;
● ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების დეტალური გეგმა. მათ შორის გამწმენდი
ნაგებობის ავარიული გაჩერების შემთხვევაში მდინარის დაბინძურების პრევენციის
მიზნით განსაზღვრული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია;
● გარემოზე შეუქცევადი ზემოქმედების შეფასება და მისი აუცილებლობის დასაბუთება;
● გზშ-ის ანგარიშში გამოყენებული ნებისმიერი ლიტერატურის შესახებ ინფორმაცია
წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამის ქვეთავში (მაგ. ბიბლიოგრაფია, გამოყენებული
ლიტერატურა), სადაც მითითებული იქნება ინფორმაციის გავრცელების წყარო, ელ.
ბმული ან/და წიგნის/ნაშრომის/სტატიის ავტორის, გამოცემის წელის, წიგნის/სტატიის
დასახელებისა და გამოყენებული გვერდების შესახებ ინფორმაცია.
● გზშ-ის ფარგლებში შემუშავებული ძირითადი დასკვნები და საქმიანობის პროცესში
განსახორციელებელი ძირითადი რეკომენდაციები.
6. საკითხები/შენიშვნები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს გზშ-ის ანგარიშში:
● სკოპინგის ანგარიში სტრუქტურულად გაუმართავია, ასევე მოიცავს ტერმინოლოგიურ
უზუსტობებს, ტექნიკურ ხარვეზებს, ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის
წინადადებებს, არარელევანტურ და უსარგებლო ინფორმაციებს, რაც ართულებს
დოკუმენტაციის სათანადოდ აღქმას და შეფასებას. აღნიშნული საკითხი,
გათვალისწინებული უნდა იქნეს გზშ-ის ანგარიშის შედგენისას;
● სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპროექტო
ტერიტორია მდებარეობს საირმის მინერალური წყლის საბადოს მეორე (შეზღუდული
რეჟიმი) ზონაში, სადაც დაშვებული და აკრძალული საქმიანობები განსაზღვრულია
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა
წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრისა და დამტკიცების
წესის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 მარტის N161 დადგენილებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი უნდა იქნეს დაგეგმილი საქმიანობის
N161 დადგენილებასთან თავსებადობის შესახებ ინფორმაცია, ასევე სსიპ მინერალური
რესურსების ეროვნული სააგენტოსთან შეთანხმების დამადასტურებელი
დოკუმენტაცია;
● ვინაიდან საპროექტო ტერიტორიას ემიჯნება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
„ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას“ საავტომობილო გზა, გზშ-ის ანგარიშში
წარმოდგენილი უნდა იქნეს დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებასთან
დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიცია და
საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შეთანხმების დამადასტურებელი
დოკუმენტაცია;
● სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე ფიქსირდება მდინარის
ეროზიული ზემოქმედება და ნაპირის დატბორვა. აღნიშნულიდან გამომდინარე,
წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების
საჭიროებისა და მათი ეფექტურობის დასაბუთების შესახებ (მდინარის
ჰიდროლოგიური პარამეტრების მითითებით). ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს
დეტალური ინფორმაცია ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელების საჭიროების
შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილია ნაპირდაცვითი სამუშაოების
განხორციელება, გზშ-ის ანგარიშში მითითებული უნდა იქნეს ნაპირსამაგრი
კონსტრუქციის/ნაგებობის ტიპი ტექნიკური პარამეტრები და კონკრეტული
ადგილმდებარეობები (GPS კოორდინატები და shp ფაილები), ამასთან, წარმოდგენილი
უნდა იქნეს ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობის შედეგად გარემოს კომპონენტებზე
მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება, შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების
მითითებით;
● დაზუსტებას საჭიროებს დაგეგმილი საქმიანობის დასახელება, სკოპინგის ანგარიშის
სატიტულო გვერდზე მითითებულია „ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის
მშენებლობა-ექსპლუატაცია“, ხოლო გვ. 2-ზე „საკანალიზაციო სისტემისა და
ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-ექსპლუატაცია“;
● საპროექტო ტერიტორიის ელექტრონული გადამოწმებით დადგინდა, რომ
ტერიტორიიდან 33 მ-ში (ს.კ 30.18.31.186) და 38 მ-ში (ს/კ 30.18.31.005) მდებარეობს
მიწის ნაკვეთები, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობები, რომლის შესახებ
ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს გზშ-ის ანგარიშში;
● წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია გამწმენდი ნაგებობის მაქსიმალური წარმადობის
შესახებ, რაც გზშ-ს ეტაპზე საჭიროებს დაზუსტებას;
● სკოპინგის დოკუმენტაციაში წარმოდგენილი არ არის ჩამდინარე წყლების
ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვების წერტილის GPS კოორდინატები, რაც გზშ-ის
ანგარიშში საჭიროებს დაზუსტებას;
● სკოპინგის ანგარიშის გეოლოგიურ ნაწილში წარმოდგენილი რუკები არ შეესაბამება
სტანდარტებს, კერძოდ: რუკები არის დაბალი გარჩევადობის და არ იკითხება, მათზე
არ არის დატანილი საკვლევი ტერიტორია, რუკაზე წარწერები შესრულებული არ არის
ქართულ ენაზე და სხვ. საჭიროა, აღნიშნული შენიშვნები გათვალისწინებული უნდა
იქნეს გზშ-ის ანგარიშში;
● დასაზუსტებელია სკოპინგის ანგარიშში მითითებული შემდეგი ჩანაწერი: „ჩაშვების
შეზღუდვები საქართველოში ამ ზომის გამწმენდი ნაგებობებისათვის (EU
შეზღუდვების იდენტური)” ვინაიდან, ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე
წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის №414
დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;
● გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გზშ-ის ანგარიშში
გათვალისწინებული უნდა იქნეს სკოპინგის დასკვნით განსაზღვრული თითოეული
მოთხოვნა.
გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია სკოპინგის დასკვნით
გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად (ერთიანი ცხრილის სახით).
დასკვნითი ნაწილი:
სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიის“ მიერ, წარმოდგენილ პროექტზე, რომელიც ეხება კურორტ საირმის ჩამდინარე
წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასა და ექსპლუატაციას, სავალდებულოა გზშ-ის
ანგარიში მომზადდეს წინამდებარე სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული კვლევების,
მოსაპოვებელი/შესასწავლი ინფორმაციისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიხედვით.
გზშ-ის ანგარიში შედგენილი უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობისა და სკოპინგის დასკვნით
განსაზღვრული მითითებების სრული დაცვით