საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ბაღდათის სალოტბარო სკოლას ეწვია.
სალოტბარო სკოლაში მინისტრთან ერთად ვიზიტით ასევე იმყოფებოდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.
თეა წულუკიანი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან კახა ენუქიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელ გიორგი დონაძესთან ერთად, ბაღდათის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მოსწავლეთა შემოქმედებას გაეცნო. ასევე, მინისტრმა ვიზიტისას სკოლის საჭიროებების შესახებ მოისმინა და სალოტბარო სკოლების სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ესაუბრა დამსწრე საზოგადოებას. თეა წულუკიანმა შეხვედრისას სკოლის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ქართული მრავალხმიანობის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის გაწეული შრომისათვის და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
ბაღდათის სალოტბარო სკოლა, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ბაზაზე 2016 წელს გაიხსნა, ამჟამად იქ 16 მოსწავლე ირიცხება. სკოლის პედაგოგები არიან: ლოტბარი – ლევან გერსამია და რეგენტი – ზურა გოგოლაძე.
სალოტბარო სკოლების შექმნას ქართველმა მოღვაწემ, ანზორ ერქომაიშვილმა, ჩაუყარა საფუძველი. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობით
საქართველოში დღეს 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც უსასყიდლოდ არის შესაძლებელი ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და საკრავებზე დაკვრის შესწავლა.
კულტურის სამინისტროსთვის ქართული ფოლკლორის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2023 წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს ყველა სალოტბარო სკოლის მონახულება.