ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სილაგაძე, ეკონომიკის სამსახურის უფროს ქეთევან კარკაძესთან და ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელ თინა აბულაძესთან ერთად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM- საქართველოს წარმომადგენლებს ნათია კვიციანს და პაატა შარაშენიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს, პილოტური ინიციატივის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების, განვითარების შესაძლებლობებისა და მოსახლეობის ემიგრაციული განწყობის შესასწავლად ჩატარებული კვლევის ანგარიში.
შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის სფეროებზე, იმსჯელეს სოფელ როხში სათემო ინიციატივის განხორციელების მხარდაჭერაზე.
IOM – საქართველო ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2020 წლის ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება – პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“. პროექტი დაფინანსებულია IOM-ის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრად რეინტეგრაციას და ადგილობრივი თემების გაძლიერებას რიგი ეკონომიკური და სათემო ინიციატივების მხარდაჭერით.