ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული, მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო „სტამბაში“.
ღონისძიებაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, CESL პროექტის ფარგლებში დასაფინანსებლად შერჩეული ინიციატივა წარუდგინა საზოგადოებას. 550 000 ლარის ღირებულების საგრანტო პროექტით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის ბაზაზე ღვინის ლაბორატორია მოეწყობა.
საგრანტო პროექტით დაფინანსებული ღვინის ლაბორატორიით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივი მეღვინეები, ასევე დასავლეთ საქართველოს ღვინის მწარმოებლები.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში ხარისხზე ორიენტირებული ღვინის წარმოების განვითარებას და კონკურენტუნარიანობის ზრდას.
პროექტი იმერული ღვინის ასოციაციასა და კოლეჯ „იბერია“-სთან პარტნიორობით განხორციელდება.
შეხვედრის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ და მერიის ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თინა აბულაძემ პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტსა და დასავლეთ საქართველოში ღვინის ლაბორატორიის საჭიროებებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და დაინტერესებულ პირებს გამოცდილება გაუზიარეს.